კონსტანტინეს შემდეგ, კიდევ რამდენიმე დადიანი დაწინაურდა საქართველოს სამეფო კარზე. მაგალითად, კონსტანტინეს ვაჟი, ვარდანი 1178-1184 წლებში ტრანსპორტირების მინისტრი (ჩუხჩარხი) იყო, ხოლო 1184-1191 წლებში, მამამისის მსგავსად, მსახურთუხუცესი. XIII საუკუნის მეორე ნახევარში ბედიან I დადიანი ძალზე გავლენიანი თავდაცვის მინისტრი გახლდათ. იმ დროისთვის დადიანების ოჯახი დასავლეთ საქართველოს ყველაზე ძლიერ ფეოდალურ საგვარეულოდ ჩამოყალიბდა.
XV საუკუნეში, გაერთიანებული საქართველოს დაშლის შემდეგ, ოდიში იმერეთის სამეფოს შეუერთდა და დადიანებმა მთავრების ტიტულის დასაბრუნებლად ხანგრძლივი ბრძოლა დაიწყეს. ამ ფაქტმა აშკარა კონფლიქტი გამოიწვია იმერეთის მეფეებთან, რადგან მთავრების ძალაუფლება, ყველა თვალსაზრისით, მეფის ძალაუფლებას უტოლდებოდა.
ოსმალეთის იმპერიამ, რომელიც ამ დროისთვის დასავლეთ საქართველოში ბატონობდა, ლევან I დადიანი ოდიშის ოფიციალურ მთავრად მხოლოდ XVI საუკუნის შუა წლებში აღიარა, რითაც ოდიშმა იმერეთის სამეფოსაგან დამოუკიდებლობა მოიპოვა. მომდევნო საუკუნეების მანძილზე, ვიდრე XIX საუკუნეში ოდიშსა და იმერეთს რუსეთის იმპერია დაიქვემდებარებდა, იმერეთის მეფეები ხან ინტრიგებით, ხან კი ძალისმიერი მეთოდებით ოდიშზე კონტროლის დაბრუნებას წარუმატებლად ცდილობდნენ.
მართლაც, ლევან II დადიანის მეფობის დროს (1611–1657) სამთავროს ძლიერებამ კულმინაციას მიაღწია და ამჯერად იმერეთი რამდენჯერმე სასწაულებრივად გადაურჩა ოდიშის მიერ დაპყრობას. ფორმალურად ლევან II–ს იგივე სტატუსი გააჩნდა, რაც საქართველოს სხვა მხარეების - ქართლის, კახეთისა და იმერეთის მეფეებს. რუსეთის ხელმწიფისადმი მიწერილ ერთ–ერთ წერილში იგი თავის თავს დასავლეთ საქართველოს მეფედაც კი მოიხსენიებს, მიუხედავად იმისა, რომ არც მას და არც ერთ მის მემკვიდრეს არ გააჩნდათ ოფიციალური საფუძველი იმისათვის, რომ „მეფის“ სტატუსი მიესაკუთრებინათ.
1867 წლის 4 იანვარს რუსეთის იმპერიამ სამეგრელოს სამთავრო ოფიციალურად გააუქმა და იგი იმპერიის ნაწილად აქცია. დადიანებმა შეინარჩუნეს თავიანთი სასახლეები და მიწები, ისევე როგორც საპატიო (თუმცა კი უშინაარსო) ტიტულები, როგორიცაა, მაგალითად, „თქვენო უმაღლესობავ“. იმპერიამ სამეგრელოს ბოლო მმართველს, ნიკოლოზ დადიანს „სამეგრელოს თავადის“ მემკვიდრეობითი ტიტული უბოძა, რითაც დიდგვაროვნის სტატუსი შეუნარჩუნა, მაგრამ ეს ყოველივე ნამდვილ ძალაუფლებას მოკლებული იყო.