დადიანი

დადიანების სასახლის მუზეუმი

ზუგდიდში დადიანების სასახლის მუზეუმის დაარსება პირველად საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხანმოკლე არსებობის პერიოდში (საქართველოს საბჭოთა კავშირში შესვლამდე) სცადეს. 1919 წლის იანვარში რესპუბლიკის ჯერ კიდევ ნორჩმა პარლამენტმა გამოსცა კანონი, რომლის თანახმადაც ექსპროპრიირებული სამეფო ქონება სახელმწიფოს საკუთრებად გამოცხადდა. იმავე წლის დეკემბერში საკონსტიტუციო საბჭოს ორმა წევრმა შეამოწმა დადიანების სასახლე (დედოფლის სასახლე) ზუგდიდში, რათა ისტორიული ღირებულების მქონე ნივთები თბილისში ჩამოეტანათ. ქონების მეურვემ და მცველმა ვლადიმერ ალშიბაიამ ითანამშრომლა ხელისუფლების წარმომადგენლებთან და მათ საიდუმლო გვირაბიც კი უჩვენა, სადაც დადიანები ძნელბედობის ჟამს თავიანთ განძეულს ინახავდნენ. შედგა ოქმი და შერჩეული ნივთები თბილისში გადმოიტანეს.

1920 წლის თებერვალში ზუგდიდის ადგილობრივმა ლიდერებმა მოაწყვეს შეხვედრა, რომელზედაც დადიანების ოჯახის ქონების საკითხი იქნა განხილული. გადაწყდა, რომ ხალხის შრომით აშენებული სასახლეები ხალხს უნდა დაჰბრუნებოდა. თუმცა ეს კონკრეტულად რას ნიშნავდა, არ დაზუსტებულა და ამიტომ გადაწყვეტილება არ განხორციედა. მოგვიანებით დადიანის სასახლის მუზეუმად გადაკეთების კონკრეტული იდეა იქნა შემოთავაზებული, მაგრამ პოლიტიკური ნება და შესაბამისი დაფინანსება ჯერ კიდევ არ არსებობდა.

დადიანის სასახლის მუზეუმად გადაკეთების საკითხი დღის წესრიგში ინტენსიურად დადგა მხოლოდ მას მერე, რაც 1921 წელს საქართველოში საბჭოთა ხელისუფლება დამყარდა. 1921 წლის მაისში რეგიონის რევოლუციური კომიტეტის მიერ წამოყენებული ინიციატივის საფუძველზე სასახლის ტერიტორიაზე სამეგრელოს მუზეუმი გაიხსნა. მუზეუმის პირველმა დირექტორმა ა. ჭანტურიამ უშურველად იზრუნა სასახლესა და მასში გამოფენილ საგანძურზე.

1980 წელს მუზეუმი გაარემონტეს და სწორედ მაშინ აღმოაჩინეს, რომ სასახლის კედლები თავდაპირველად XIX საუკუნის ევროპულ სტილში იყო მოხატული, რომელიც სრულიად არ ჰგავდა საღებავის იმ უღიმღამო ფენას, რომლითაც იგი მოგვიანებით დაფარეს. სამწუხაროდ, წინა ათწლეულების მანძილზე კედლების მრავალჯერმა გადაღებვამ თავდაპირველი მოხატულობის აღდგენა შეუძლებელი გახადა. დღეისათვის სასახლის ინტერიერის პირვანდელი იერსახე მხოლოდ ჩანახატებისა და ფოტოების მეშვეობით შეიძლება წარმოვიდგინოთ.

HISTORY

კოლექცია

მუზეუმის კოლექცია 45000-ზე მეტ ექსპონატს მოიცავს. ზოგიერთი მათგანი ჯერ კიდევ 1919 წლის ექსპროპრიაციის პერიოდს მიეკუთვნება; დანარჩენები სასახლეს მოგვიანებით შეემატა. ისინი ისტორიის ათასწლეულებს ასახავენ და რამდენიმე უაღრესად უნიკალურ ნივთს შეიცავენ, როგორებიცაა ნაპოლეონის სიკვდილშემდგომი ნიღაბი და კვართი, რომელიც, თქმულების თანახმად, წმინდა მარიამს ეკუთვნოდა. ნაპოლეონის ნიღაბი დადიანის სასახლეში სალომე დადიანი-მიურატის მეშვეობით აღმოჩნდა, რომელიც ნეპოლეონის დისშვილზე, აშილ მიურატზე იყო დაქორწინებული. რაც შეეხება ღვთისმშობლის კვართს, არსებობს უამრავი ისტორია, რომელიც მისი საქართველოში მოხვედრის ამბავს გადმოგვცემს. მათგან ყველაზე პოპულარული მოგვითხრობს, რომ 1453 წელს, თურქების მიერ კონსტანტინეპოლის დაპყრობის შემდეგ, კვართი სხვა წმინდა ნაწილებთან ერთად არქიეპისკოპოსმა ჩამოიტანა. ყოველწლიურად, აგვისტოში, სამოსს გამოაბრძანებენ; დანარჩენ დროს იგი ე.წ. ქალწულის კოშკში ინახება.

კოლექცია

კოლექციის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია დადიანის ბიბლიოთეკა, სადაც ათასობით ხელნაწერი, იშვიათი წიგნი და ნაპოლეონ ბონაპარტის პირადი ბიბლიოთეკიდან წამოღებული ტომებიც ინახება. 1927 წელს საბჭოთა მთავრობამ ბიბლიოთეკის თბილისში გადმოტანა მოისურვა, მაგრამ მუზეუმის დირექტორმა ჭანტურიამ დამაჯერებლად დაამტკიცა, რომ ბიბლიოთეკა მუზეუმის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენდა და ის სასახლეში უნდა დარჩენილიყო.

მუზეუმის აბჯარ-იარაღის კოლექცია 200-ზე მეტ ხმალს, პისტოლეტს, თოფსა და სხვა სამხედრო აღჭურვილობას მოიცავს. უმრავლესობა მათგანი ნადავლს წარმოადგენს, ხოლო ზოგიერთი რუსეთის ხელმწიფეთა ნაჩუქარია. სასახლის ავეჯი ფრანგული და რუსული წარმოებისაა და ზოგიერთი ნივთი მოოქრულია ან ოსტატურად მოჩუქურთმებული.

მუზეუმში მრავალი სხვა საინტერესო ექსპონატია, რომლებიც დადიანების ოჯახმა წლების მანძილზე შეაგროვა. ესაა ნივთები, რომლებიც ჩინეთისა და იაპონიის საიმპერატორო ოჯახებს ეკუთვნოდა; ნივთები რუსეთის, დიდი ბრიტანეთისა და სხვა ქვეყნების არისტოკრატიული ოჯახებიდან; და, ასევე, დავით დადიანის მონეტების კოლექცია, რომელშიც შედის იშვიათი მონეტები ანტიკური რომიდან და საბერძნეთიდან.

მუზეუმის კოლექცია მას შემდეგაც ივსებოდა, რაც დადიანების მამული სახელმწიფოს გადაეცა. ზოგიერთი ექსპონატი შეგროვდა გამოფენებისთვის, რომელთაც უნდა წარმოეჩინათ საბჭოური ცხოვრების წესი რეგიონში, ზოგი კი მუზეუმის დირექტორ ჭანტურიას მიერ მოწყობილი არქეოლოგიური ექსპედიციების მეტად ღირებული მონაპოვარია. განსაკუთრებით აღსანიშნავია 1935 წლის არქეოლოგიური გათხრებისას აღმოჩენილი უძველესი კოლხური ნასახლარი. იგი წყლის დონეზე მაღლა იყო ამომართული, რაც ადასტურებს ჰიპოკრატეს ცნობებს კოლხთა უცნაური და თავისებური ცხოვრების წესის შესახებ. ამ ადგილზე ნაპოვნი ნივთები დადიანების სასახლის მუზეუმში იქნა გადატანილი.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მუზეუმის კოლექცია მდიდრდებოდა; მაგალითად, მოხდა თანამედროვე ხელოვნების ნიმუშების შეძენა და მოპარული ნივთების დაბრუნება.

ამჟამინდელი სტატუსი

სამწუხაროდ, მუზეუმის შენობა და კოლექცია დღეისათვის სავალალო მდგომარეობაშია.

საბჭოთა პერიოდში კომუნისტური ლიდერები ხშირად იჩენდნენ უდიერ და მტრულ დამოკიდებულებას მუზეუმის მიმართ. მაგალითად, საბჭოთა კავშირის შექმნის პირველი წლებიდანვე ბოლშევიკები სამუზეუმო ექსპონატებს პოლიტიკურ ნაალაფრად მიიჩნევდნენ და ადგილობრივი პოლიტიკური ლიდერები ათასობით ნივთს ან “სესხულობდნენ” ან მათ ისინი “საჩუქრების” სახით ურიგდებოდათ. ზოგი პოლიტიკური ლიდერისთვის მიუღებელი იყო აზრიც კი იმის შესახებ, რომ წინასაბჭოური საძულველი არისტოკრატიის ცხოვრებისა და საერთოდ იმ დროის შესახებ მასალები რაიმე ფორმით უნდა შენარჩუნებულიყო; ისინი მუზეუმებს აიძულებდნენ შეეძინათ ეთნოგრაფიული ხასიათის ნივთები ან სულაც პროპაგანდისტული მისია ეკისრათ. ნაწილობრივ, ამგვარი ოფიციალური გულგრილობის გამო საბჭოთა ეპოქის მთელი 70-წლიანი არსებობის პერიოდში მუზეუმს შედარებით მცირე მასშტაბის რემონტი ერთხელ, 1980 წელს, ჩაუტარდა.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველო ომებმა და ეკონომიკურმა კრიზისმა მოიცვა, რის გამოც ახალი მთავრობის პრიორიტეტების ჩამონათვალში მუზეუმის გარემონტებამ ბოლო ადგილზე გადაინაცვლა. საბედნიეროდ, ზოგიერთი საკოლექციო ნივთი (ზოგიერთი ფერწერული ტილოს, სასახლის ორნამენტული ჭიშკრისა და რამდენიმე სხვა ექსპონატის ჩათვლით) კერძო პირების ძალისხმევის შედეგად იქნა აღდგენილი. მაგრამ ძირითადი კოლექცია – წიგნები, ხელნაწერები, აბჯარ-იარაღი, ფოტოები, ავეჯი, ტილოები – კვლავ სასწრაფო რესტავრაცია-კონსერვაციას საჭიროებს; აგრეთვე დაუყოვნებლად უნდა ჩატარდეს კვლევა მუზეუმის ექსპონატთა ისტორიული ფონის შესწავლისა და კატალოგიზაციის მიზნით.

Up Next: Tsotne Dadiani and The Kokhtastavi Conspiracy