საბჭოთა კავშირის მიერ საქართველოს დაპყრობა დადიანებისა და სხვა დიდგვაროვანი ოჯახებისათვის ნამდვილი ტრაგედია იყო, რადგან ხელისუფლება ყველა მათგანს საბჭოთა მთავრობის მტრებად მიიჩნევდა. მათ არა მხოლოდ “ხალხის მტრებად” აცხადებდნენ, არამედ ეს ადამიანები საზოგადოების ყველაზე განათლებულ ფენას წარმოადგენდნენ და, ამგვარად, _ ახალი სისტემისთვის ყველაზე საშიშ ძალას. საბჭოთა რეჟიმის პირობებში ქართული არისტოკრატიის ბედს შეგვიძლია გავეცნოთ სამეგრელოს ბოლო მთავრის, ნიკოლოზ დადიანი-მინგრელსკის, შთამომავლების ცხოვრებისეული გზის მაგალითზე.
ნიკოლოზს ოთხი შვილი ჰყავდა: ეკატერინე, რომელიც ადრეულ ბავშვობაში გარდაიცვალა, ნიკოლოზი (1876-1919), სალომე-მია (1878-1961) და მენიკი (1880-1954), რომელიც ნიკოს საყვარელ კესარია ჩიქოვანთან შეძენილი უკანონო შვილი იყო.