ბიოგრაფიული

ნიკოლოზ დადიანი-მინგრელსკი (1847-1903)

ნიკოლოზ (ნიკო) დადიანი-მინგრელსკი (1847-1903), ფორმალურად, სამეგრელოს უკანასკნელი მთავარი იყო, ვიდრე ამ მხარეს რუსეთის იმპერია შთანთქავდა, თუმცა აღმასრულებელი ძალაუფლება მას არც არასოდეს ჰქონია. მამამისი, დავით დადიანი (1813-1853), რეგიონის ბოლო რეალური მმართველი იყო. ნიკოლოზის დედა ეკატერინე ჭავჭავაძე გახლდათ (1816-1882).

ბიოგრაფიული

ისტორია

დადიანების მმართველობის დასასრული

ნიკო მხოლოდ შვიდი წლის იყო, როდესაც მამა გარდაეცვალა. შედეგად, იგი საქართველოს უკანასკნელი დამოუკიდებელი სამთავროს მმართველი გახდა. მაგრამ მისი მცირეწლოვანების გამო მმართველობა მეურვის სტატუსით ეკატერინემ გადაიბარა, მთავარ მრჩევლად კი პლატონ იოსელიანი დაინიშნა.

ეკატერინეს რეგენტობის წლები მღელვარებისა და ძალადობის ხანას დაემთხვა. 1854 წელს, ყირიმის ომის დროს, ოსმალოთა ძალები სამეგრელოში შეიჭრნენ და ერთხანს ზუგდიდიც კი დაიპყრეს. მას შემდგომ, რაც 1856 წელს რუსეთის დახმარებით თურქები სამეგრელოდან გარეკეს, სამეგრელო სახალხო აჯანყებამ მოიცვა, რომელიც დადიანების მმართველობის წინააღმდეგ იყო მიმართული. რუსეთის ხელმწიფის, ალექსანდრე II-ის, ზეწოლის შედეგად ეკატერინე გადადგა და 1857 წელს სამეგრელოს მართვის სადავეები რუსეთის იმპერიის ხელში გადავიდა.

შემდგომ ათწლეულში ნიკო და მისი ოჯახი ჯერ სანკტ-პეტერბურგში ცხოვრობდნენ, ხოლო ნიკოს დის, თამარის, გარდაცვალების შემდეგ დასავლეთ ევროპაში გადასახლდნენ. 1866 წელს რუსთხელმწიფემ ნიკო კვლავ სანკტ-პეტერბურგში აუდენციაზე გამოიძახა და ახალგაზრდა მემკვიდრეს დაჟინებით მოსთხოვა, რომ სამეგრელოს ტახტზე უარი ეთქვა. სანაცვლოდ, იმპერიის არისტოკრატიულ საზოგადოებაში ადგილი და “მისი ბრწყინვალება სამეგრელოს პრინცის” ტიტული შესთავაზა. ნიკო მიხვდა, რომ უკეთესს უკვე აღარაფერს შესთავაზებდნენ, და ამ წინადადების მიღებისთანავე ოფიციალურად გადადგა. 1867 წელს სამეგრელოს სამთავრო როგორც დამოუკიდებელი რეგიონი გაუქმდა და რუსეთის იმპერიას მიუერთდა. ამით დადიანების ოჯახის მმართველობის ხანა დასრულდა.

ისტორია

გადადგომის შემდეგ

მაგრამ ახალგაზრდა ნიკოს წინ კიდევ ბევრი რამ ელოდა. 1874 წელს იგი მერი ალდერბერგზე, რუსეთის სახელმწიფო მინისტრის ქალიშვილზე დაქორწინდა. მათი ქორწინება საქართველოში სახალხო ზეიმად იქცა . [1] ევროპაში ქორწილის შემდეგ წყვილი საქართველოში გამოემგზავრა, სადაც მათ უამრავი ხალხი მხიარული შეძახილებით ხვდებოდა და ყოველ გაჩერებაზე ქეიფი იმართებოდა.

1877-1878 წლებში ნიკომ რუსეთის არმიის ოფიცრის სტატუსით კიდევ ერთ რუსეთ-თურქეთის ომში მიიღო მონაწილეობა. მან ცენტრალურ ბულგარეთში გამართულ ბრძოლებში იომა, რომლის შედეგადაც სტრატეგიულად მნიშვნელოვანი შიპკას გადასასვლელი იქნა მოპოვებული; ნიკო სოფიას დაპყრობაშიც იყო ჩართული. შიპკაზე გამოვლენილი მამაცობისთვის ნიკომ რამდენიმე სამხედრო ორდენი მიიღო და გენერალ-მაიორის წოდებაზე იქნა წარდგენილი. დიდმა ავსტრიელმა კომპოზიტორმა იოჰან შტრაუსმა ნაწარმოებიც კი შექმნა სახელწოდებით “ნიკო-პოლკა” (თხზ. 228), რომელიც ნიკოს გმირულ სამსახურს მიეძღვნა.

1882 წელს ეკატერინე გარდაიცვალა და ნიკომ მისი მამული მემკვიდრეობით მიიღო, რითაც ერთი ხელის მოსმით მთელ კავკასიაში უმდიდრესი მიწათმფლობელი გახდა. ამ პერიოდში იგი ქველმოქმედებით დაინტერესდა. 1885 წელს მან თავისი პირადი ბიბლიოთეკა “ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას” გადასცა; მოგვიანებით ეს კოლექცია საქართველოს საჯარო ბიბლიოთეკას გადაეცა (რომელიც დღეისათვის საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის სახელწოდებით არის ცნობილი). ნიკომ რამდენიმე სკოლა და კლინიკა გახსნა, რომლებიც სამეგრელოს უქონელ მოსახლეობას ემსახურებოდა და ქართული ენის შენარჩუნებას უწყობდა ხელს, რადგან რეგიონში რუსული ენა როგორც საერთო სალაპარაკო ენა სულ უფრო დომინირებდა. ამასთანავე, ტარდებოდა პოლიტიკა, რომელიც საქართველოს რუსეთთან კულტურულ ინტეგრაციას უწყობდა ხელს.

1886 წელს რუსეთის ხელმწიფის, ალექსანდრე III-ის, ზეწოლის შედეგად ბულგარეთის მმართველი პრინცი ალექსანდერ ფონ ბატენბერგი გადადგა; გადადგომის მიზეზს შიდა პრორუსული ფრაქციების შეტევაც წარმოადგენდა. გაირკვა, რომ რუსეთის ხელმწიფემ არჩევანი ნიკოზე შეაჩერა და რომ იგი ბატენბერგის შემცვლელი უნდა გამხდარიყო. ამან ნიკო მთელ ევროპაში ცნობილი, თანაც საკამათო პოლიტიკური ფიგურა გახადა და საზოგადოებაში მისი მეგრული წარმომავლობისადმი ინტერესი აღძრა. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ნიკო ერთადერთი კანდიდატი არ ყოფილა, რომელიც ბატენბერგის შემცვლელად მოიაზრებოდა, თანაც ევროპულ ქვეყნებს არ სურდათ, ბულგარეთის ტახტზე რუსეთის პროტეჟე ასულიყო; საბოლოოდ, ტახტი ფერდინად I-ს, საქს-კობურგ-გოთას დინასტიის წარმომადგენელს, ხვდა წილად.

ნიკო 1903 წელს სანკტ-პეტერბურგში გარდაიცვალა. მისი ნეშტი მარტვილის ეკლესიაში გადაიტანეს, სადაც იგი დღესაც განისვენებს. მის სიკვდილს სამეგრელო დიდი გლოვითა და მწუხარებით შეხვდა. მთელი თავისი სიცოცხლის მანძილზე ნიკო ხალხში პოპულარულ პიროვნებად ითვლებოდა და მისი ხსოვნის პატივსაცემად სამეგრელოს მრავალ დაბასა თუ სოფელში სამგლოვიარო ცერემონიები ჩატარდა.

ანდრია დადიანი

[1] იხ. ბარონესა ბერთა ფონ ზუტნერის აღწერა თავიდან “XIX საუკუნის ცხოვრების სტილი”.