საუბედუროდ, მონღოლებმა შეიტყვეს ამ თავყრილობის შესახებ და კრების მიმდინარეობის დროს თავს დაესხნენ კოხტასთავს. შეთქმულები დაატყვევეს და დასაკითხად ქალაქ ანისში ჩაიყვანეს; დაკითხვისას ყველა მათგანი წინაწარ შეთანხმებულ ყალბ ამბავს იმეორებდა: შეიკრიბნენ სამეურნეო საკითხების განსახილველად და არა მონღოლების წინააღმდეგ გასალაშქრებლად. მონღოლები არ წამოეგნენ სატყუარას და სიმართლის გასარკვევად შეთქმულთა წამება განიზრახეს: მათ ქართველები გააშიშვლეს, შებოჭეს, ტანზე თაფლი წაუსვეს და მწველი მზის ქვეშ დასხეს.
ოდიშის ერისთავთ-ერისთავი და საქართველოს სამეფოს მანდატურთუხუცესი ცოტნე დადიანი იყო ის დიდგვაროვანი, რომელიც ესწრებოდა კოხტასთავის შეკრებას, მაგრამ არ დაუპატიმრებიათ. სრულებით შემთხვევით მან კიდევ ერთ შეთქმულთან ერთად დატოვა კრება მონღოლების თავდასხმამდე ცოტა ხნით ადრე. შეიტყო რა, რომ მისი თანამემამულეები შეიპყრეს და ანისში ჩაიყვანეს, ცოტნე ორიოდე კაცის თანხლებით გაეშურა ამ ქალაქისაკენ. ცოტნემ დაინახა თუ არა თავისი მეგობარი თავად-აზნაურების ტანჯვა და დამცირება, ტანთ გაიხადა, თავის მხლებლებს სთხოვა, რომ გაეკოჭათ, და სხვებს მიუჯდა.
მონღოლებს განცვიფრებისაგან ენა ჩაუვარდათ. მათმა მეთაურმა ნოინმა ცოტნეს ჰკითხა, თუ რატომ მოიქცა ასე. პასუხად ცოტნემ მიუგო, რომ სიმართლის თქმა სურდა და, თუ სხვები სასტიკ სიკვდილს იმსახურებდნენ, მაშინ თავადაც იგივე ბედი უნდა გაეზიარებინა. როდესაც დაინტერესდნენ, თუ რაში მდგომარეობდა ეს სიმართლე, ცოტნე მონღოლებს იმავე შეთხზულ ამბავს მოუყვა.
მონღოლები აღფრთოვანდნენ ცოტნეს სიმამაცით. შესაძლოა, ისინი დარწმუნდნენ ქართველთა ალიბის სისწორეში. ასე იყო თუ ისე, მათ ქართველები გაათავისუფლეს და საქართველო დაინდეს იმ საშინელი შურისძიებისაგან, რომელიც, ჩვეულებრივ, აჯანყებულ რეგიონებს თავს ატყდებოდა.