დავითის მამა ლევანი სუსტი მმართველი იყო და ქვეყნის მართვის პრაქტიკული მხარისადმი არავითარ ინტერესს არ იჩენდა. მას ძირითადად გართობა და დროსტარება იზიდავდა. ამიტომ ცდილობდა, სამეგრელოს მმართველობა რაც შეიძლება მალე გადაელოცა. როგორც კი 18 წლის დავითი თბილისში გაგზავნეს, ლევანმა რუსეთის მეფისნაცვალს სთხოვა, მისი ვაჟი დავითი სამეგრელოს თანამმართველად ეღიარებინა.
თავიდან დავითს ზუგდიდში უმნიშვნელო პასუხისმგებლობა ეკისრებოდა, ამიტომ თბილისში მყოფი უფროსობა ნებას რთავდა, იქ დროდადრო ჩასულიყო. თუმცა სულ მალე, მას შემდეგ, რაც 1834 წელს დავითი კაზაკების პოლკში სამხედრო საქმის შესასწავლად გაამწესეს, მამამისმა იგი სამეგრელოში გამოიწვია, რათა იქ გამწვავებული პოლიტიკური კრიზისის მოგვარებაში მოხმარებოდა. ფაქტობრივი მმართველი “დიდი ნიკო” დადიანი, რომელსაც ლევანი ქვეყნის ყოველდღიურად მართვას ანდობდა, გარდაიცვალა და სამეგრელოს რამდენიმე თავადი ლევანს ძალაუფლებას ედავებოდა.
დავითმა ჩასვლისთანავე დაიწყო სამეგრელოს მართვის სისტემის რეფორმირება: მკაცრად განსაზღვრული გადასახადი დააწესა (რითაც, ფაქტობრივად, ადგილობრივ დიდებულებს გლეხების დაბეგვრისას თვითნებობის გზა მოეჭრათ); გარკვეული ნაბიჯები გადადგა რეგიონის სამართლებრივი სისტემის დემოკრატიზაციისა და, საერთოდ, უფრო ძლიერი მმართველობის დამყარებისკენ. ამ ცვლილებებს სამეგრელოს თავადები ნამდვილად არ მიესალმნენ, რადგან ამგვარი რეფორმები საკმაოდ ზღუდავდა დიდებულების პრივილეგიებს. რეფორმებისაკენ დაუოკებელმა სწრაფვამ დავითსა და მამამისს შორის წინააღმდეგობა გამოიწვია, განსაკუთრებით მას მერე, რაც დავითმა ლევანის გართობისათვის განკუთვნილი თანხების შემცირება გადაწყვიტა.
1838 წელს, მამის მხარდაჭერის დაკარგვის შემდეგ, დავითი თბილისში დაბრუნდა, სადაც მაღალ საზოგადოებაში თავისი ადგილი აღიდგინა და ალექსანდრე ჭავჭავაძის ოჯახს დაუახლოვდა (ალექსანდრე ჭავჭავაძე იყო ცნობილი პოეტი, სამხედრო მოღვაწე და არისტოკრატი, რომლის სახელიც XIX საუკუნის საქართველოში განმანათლებლური ღირებულებების დამკვიდრებას უკავშირდება.) დავითი წინანდალში ჭავჭავძეების საზაფხულო რეზიდენციის ხშირი სტუმარი გახდა, სადაც იგი ალექსანდრეს ქალიშვილ ეკატერინეს შეხვდა, რომელიც მტკიცე ხასიათით გამოირჩეოდა. მათ ერთმანეთი შეუყვარდათ, მაგრამ იმხანად ეკატერინეს კეთილგანწყობის მოსაპოვებლად კიდევ რამდენიმე დიდგვაროვანი ახალგაზრდა იბრძოდა. და მაინც, გამარჯვება დავითს ხვდა წილად და 1839 წელს მათ თბილისში ქაშუეთის ეკლესიაში იქორწინეს.
ამ ქორწინებას პოლიტიკური მნიშვნელობაც ჰქონდა. მას შემდეგ, რაც 1838 წელს დავითმა სამეგრელო დატოვა, პოლიტიკური სიტუაცია იქ კვლავ სწრაფად გაუარესდა. თავადებმა დადიანების ოჯახს ისევ შეუტიეს, მაგრამ ლევანი ამჯერადაც ისევე უძლური აღმოჩნდა, როგორც ხუთი წლით ადრე. სამეგრელოში დადიანების მრავალსაუკუნოვან ხელისუფლებას დასასრული ემუქრებოდა და ლევანმაც ისევ თავის ვაჟს მიმართა. ამჯერად მან სიტყვა დადო, რომ დავითს მართვის სადავეებს მთლიანად გადასცემდა და პოლიტიკას სამუდამოდ ჩამოსცილდებოდა. მაგრამ, რადგანაც წესის მიხედვით, სამეგრელოს მთავარი ცოლიანი უნდა ყოფილიყო, დავითი რაც შეიძლება მალე უნდა დაქორწინებულიყო და მხოლოდ ამის შედეგად მოიპოვებდა სრულ ძალაუფლებას. თანაც ეს ყველაფერი მანამ უნდა მომხდარიყო, ვიდრე ლევანს თავისი აღთქმის გადაფიქრების საშუალება მიეცემოდა.
დავითის ქორწინების ოფიციალურ რეგისტრაციას თითქმის ორი წელიწადი დასჭირდა, ასე რომ, დავითი სამეგრელოს ერთპიროვნულ მმართველად ოფიციალურად მხოლოდ 1840 წელს დაინიშნა. ამგვარად, 1846 წელს მამამისის გარდაცვალების შემდეგ, როდესაც დავითმა საბოლოოდ მიიღო მთავრის ტიტული, მას რეგიონის მართვის უკვე ხუთწლიანი გამოცდილება ჰქონდა.