ლუსიენ შარლ დავიდ მიურატი (1870-1933) სალომესა და აშილის პირველი შვილი იყო. იგი ალჟირულ ქალაქ მუსტაფაში დაიბადა, ოქსფორდში სწავლობდა და სასოფლო-სამეურნეო დარგში ხარისხი ჰქონდა მიღებული, რამაც შესაძლებლობა მისცა, მამის კვალს გაჰყოლოდა და მეღვინე გამხდარიყო. 1897 წელს, მამის გარდაცვალებიდან ორი წლის შემდეგ, მან მერი დე როან-შაბო შეირთო ცოლად; საქორწინო ცერემონიალი პარიზში, წმინდა ფრანსის სავიეს ეკლესიაში შედგა. მერი ნიჭიერი მხატვარი იყო, რომელსაც პარიზში საკუთარი სახელსნოც ჰქონდა. იქ ხელოვნების უამრავი მოყვარული იყრიდა თავს. ლუსიენი თავს ბედნიერად ვერ გრძნობდა, რადგან მერის მხოლოდ თავისი კარიერა აინტერესებდა, და ამიტომ 1906 წელს იგი თავის ვაჟ აშილთან ერთად დედის სამშობლოში, სამეგრელოში, დაბრუნდა. საქართველოში ბოლშევიკების შემოჭრის შემდეგ ლუსიენი დააპატიმრეს და ორი წელი საბჭოთა ციხეში გაატარებინეს. ციხიდან გამოსვლის შემდეგ იგი საფრანგეთში დაბრუნდა და მოგვიანებით მაროკოში დასახლდა, სადაც 1933 წელს გარდაიცვალა.
როდესაც მშობლები ერთმანეთს დასცილდნენ, რვა წლის აშილ ნაპოლეონ მიურატი (1898-1987), ლუსიენისა და მერის ერთადერთი ვაჟი, მამასთან ერთად საცხოვრებლად სამეგრელოში გადმოვიდა და შემდეგი ათი წელი აქ გაატარა. 1916 წელს იგი საფრანგეთში დაბრუნდა, საავიაციო საქმე შეისწავლა და შესანიშნავი სამხედრო მფრინავი გახდა. მაგრამ სამეგრელოში გატარებულმა ყმაწვილკაცობის წლებმა სამუდამოდ მიაჯაჭვა იგი თავისი ბებიის, სალომეს, ქართულ ფესვებს და მეორე მსოფლიო ომის შემდეგ აშილი საქართველოში დაბრუნებას შეეცადა. სამწუხაროდ, საბჭოთა მთავრობამ მას ვიზაზე უარი უთხრა. პარიზში ყოფნისას იგი ხშირად ატარებდა ჩოხას და ამით თავის წარმომავლობასა და კულტურას მიაგებდა პატივს. 1965 წელს, როგორც იქნა, მან საბჭოთა ხელისუფლებისაგან საქართველოში ჩამოსვლის უფლება მიიღო და შესაძლებლობა მიეცა ბაბუის, აშილ მიურატის, საფლავი მოენახულებინა. იცოდა რა, რომ სიკვდილი უახლოვდებოდა და მას, სავარაუდოდ, საფრანგეთში დაკრძალავდნენ, მან ტანისამოსი თავისი წინაპრების ბაღის მიწაში ამოსვარა და დაიბარა, ამ ტანსაცმელში დაესაფლავებინათ.
სალომე დადიანისა და აშილ მიურატის მეორე ვაჟს ნაპოლეონ ლუი აშილ მიურატი (1872-1943) დაარქვეს, მაგრამ მას ძირითადად მეტსახელს, ნაპოს ეძახდნენ. ნაპო ბრუნოში, საფრანგეთში, დაიბადა, მაგრამ 1901 წელს იგი საქართველოში დაბრუნდა და რუსულ არმიაში დაიწყო სამსახური, სადაც კარგი ცხენოსნის სახელი გაითქვა. 1904 წელს იგი რუსეთ-იაპონიის ომში იბრძოდა და სიმამაცისათვის ექვსი მედალი მიიღო. ამერიკის შეერთებულ შტატებში ხანმოკლე სტუმრობის შემდეგ იგი საქართველოში დაბრუნდა და პირველი მსოფლიო ომის დროს ე.წ. “ველური დივიზიის” რიგებში იბრძოდა. ნაპო ბრძოლაში დაიჭრა და გამოჩენილი სიმამაცისათვის წმინდა ვლადიმირის მესამე ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს. (ამ ბრძოლაში ნაპოს გმირული თავგადასავალი აღწერილია ნიკოლას ბრეჩკოს წიგნ “ველურ ბატალიონში”.) მას შემდეგ, რაც საქართველოში ბოლშევიკები გაბატონდნენ, ნაპო საფრანგეთში გაიქცა, სადაც 1943 წელს გარდაიცვალა. იგი ნიცაშია დასაფლავებული. გარკვეულწილად, ნაპოს ცხოვრება და მისი პიროვნება ბიძამისის, ანდრია დადიანის, ცხოვრების გზას წააგავს. ანდრიას მსგავსად ნაპოსაც ცოლი არასოდეს შეურთავს და, როგორც ჩანს, მშფოთვარე და მოუწესრიგებელ ცხოვრებას ეწეოდა.
ანტუანეტ კატრინ (ბებე) მიურატი (1879-1954) სალომე დადიანისა და აშილ მიურატის მესამე და უმცროსი შვილი გახლდათ. მის შესახებ ცნობები ყველაზე ნაკლებად მოგვეპოვება. ზუგდიდში დადიანების სასახლე-მუზეუმის პორველი დირექტორი მას პირადად იცნობდა და იხსენებს, რომ ანტუანეტი უაღრესად სათნო ქალი იყო. 1918-1921 წლებში, საქართველოს ხანმოკლე დამოუკიდებლობის პერიოდში, იგი სალხინოს სასახლეში ცხოვრობდა და, როდესაც წითელი არმია რეგიონში შეიჭრა, იგი ალყაში მოაქციეს. ანტუანეტის შვილები შეიარაღდნენ და მამა-პაპისეული სახლის დაცვა გადაწყვიტეს, მაგრამ დედამ შვილებს იარაღის დაყრა მოსთხოვა. იგი სახლიდან გამოვიდა და მშვიდად ემუდარებოდა ჯარისკაცებს, რომ წაეღოთ, რაც მოესურვებოდათ, ოღონდ ადამიანებისათვის ზიანი არ მიეყენებინათ. სასახლე ძალადობის გარეშე დაიკავეს, ანტუანეტმა კი საქართველო დატოვა. თავისი ძმის, ნაპოს, მსგავსად იგი ნიცაში დასახლდა, სადაც 1954 წელს გარდაიცვალა.