სამეგრელო

კონფლიქტები ოსმალეთის იმპერიასთან

მართალია, სამეგრელო არაბების მიერ VII საუკუნეში დაარსებული თავდაპირველი ისლამური ხალიფატის ნაწილს არ წარმოადგენდა, მაგრამ XVI საუკუნეში იგი ხალიფატის მემკვიდრე ოსმალეთის იმპერიის გავლენის სფეროში აღმოჩნდა. ეს პერიოდი XIX საუკუნის დასაწყისამდე გაგრძელდა, როდესაც სამეგრელომ რუსეთის იმპერიას შეაფარა თავი. მიუხედავად იმისა, რომ ოსმალების ბატონობისას ოდიშის მთავრები ავტონომიის საკმაოდ მაღალი ხარისხით სარგებლობდნენ, ოსმალეთის მხრიდან აქტიური დაპყრობის საშიშროება მაინც მუდმივ საფრთხეს წარმოადგენდა.

სამეგრელო

უკვე 1453 წელს, როდესაც სულთან მეჰმედ II–ის არმიის შემოსევის შედეგად კონსტანტინოპოლი დაეცა, ოსმალეთის იმპერია ოდიშისთვის რეალურ საფრთხედ იქცა. ამ პერიოდამდე საზღვაო ფლოტის ყოლა ან ზღვიდან შემოტევის მოგერიებისათვის ზრუნვა ოდიშისათვის აუცილებლობას არ წარმოადგენდა, მაგრამ ახლა იგი პირისპირ აღმოჩნდა მზარდ იმპერიასთან, რომელსაც იმ დროისათვის უმძლავრესი საზღვაო ფლოტი გააჩნდა. საფრთხე რეალობად იქცა 1634 წელს, როდესაც სულთანმა მურად IV–მ ოდიშის დასჯა გადაწყვიტა სპარსეთთან, ოსმალოთა დასავლეთ მეტოქესთან კავშირების გაბმის მცდელობისთვის. კოდორის კონცხს ოსმალოთა ექვსი გემი მოადგა; გადმოსხმულმა ჯარმა ნანგრევებად აქცია დრანდის მონასტერი და სასტიკად დაარბია მისი შემოგარენი. ოდიშის სამხედრო ძალები, რომლებიც საზღვაო–სადესანტო ტაქტიკას ცუდად იცნობდნენ, ამ გამანადგურებელი შეტევის წინაშე სრულიად უმწეონი აღმოჩნდნენ.

ამ მოვლენიდან ორ საუკუნეზე მეტი ხნის შემდეგ ოსმალოთა და ოდიშის სამხედრო ძალებს შორის არაერთი შეტაკება მოხდა. 1703 წლის ზაფხულში თურქებმა ერთდროულად დაიპყრეს იმერეთი, გურია და ოდიში. თუმცა სულთანი იძულებული გახდა, თავისი ჯარი უკან გაეწვია, რადგან სტამბოლში აჯანყებამ იფეთქა. ქართველებმა დრო იხელთეს და უკან დახევისას მისი არმია მთლიანად ამოწყვიტეს. მალევე, გიორგი IV დადიანის ხელმძღვანელობით, ოდიშის სამხედრო ძალებმა ოსმალოთა ხელში მყოფი რუხისა და ანაკლიის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ციხე–სიმაგრეები დაიკავეს, მაგრამ თურქებმა ეს პუნქტები მალევე დაიბრუნეს.

1722 წელს ოდიშში თურქების წინააღმდეგ აჯანყებამ იფეთქა და ერთხანს ოსმალო დამპყრობლები იმასაც კი ფიქრობდნენ, რომ ბეჟან I დადიანი საკუთარი ძალებით დაიბრუნებდა სამთავროში თურქების მიერ დაკავებულ ციხე–სიმაგრეებს. მაგრამ, ისევ და ისევ, თურქების ბატონობა შავ ზღვაზე აშკარა გახდა: სტამბოლმა თავისი ძალების გასამაგრებლად საზღვაო ესკადრილია გამოგზავნა და ციხე–სიმაგრეები ასე შეინარჩუნა.

XVIII საუკუნის შუა წლებში ჩრდილოეთით რუსეთის გავლენის გაზრდამ რეგიონში სამხედრო ბალანსის ცვლილება გამოიწვია. როგორც აღმოსავლეთ, ასევე დასავლეთ საქართველოს მთავრებმა ქრისტიანულ რუსეთთან მეკავშირეობისთვის გზების ძიება დაიწყეს, რომ ისლამურ ოსმალეთსა და სპარსეთს დაპირისპირებოდნენ, რომელთაც, დიდი ხანი იყო, დაედგათ თვალი ამ იზოლირებული ქრისტიანული მხარისთვის. XVIII–XIX საუკუნეებში რუსეთისა და ოსმალეთის სამხედრო ძალები არა ერთხელ შებმიან ერთმანეთს და მათი დაპირისპირება დროდადრო ოდიშის ტერიტორიაზეც ვრცელდებოდა.

1768–1774 წლების რუსეთ–თურქეთის ომის დროს იღბალმა ზურგი აქცია ოსმალებს. რუსეთის არმია თავს დაესხა ოსმალოთა ძალებს, რომლებსაც იმერეთის, გურიისა და ოდიშისთვის შეეფარებინათ თავი. რუსებისა და იმერლების გაერთიანებულმა არმიამ თურქი ოსმალოები იმერეთიდან გააძევა და აიძულა, შავი ზღვის სანაპიროზე ფოთის ციხე–სიმაგრესთან თავდაცვითი პოზიციები დაეკავებინათ. ოდიშის მთავრის, კაცია II დადიანის ძალებიც შეუერთდნენ რუსებს და რუხისა და ანაკლიის ციხე–სიმაგრეები დაიკავეს.

ომში, რომელიც 1806 წელს რუსეთსა და თურქეთს შორის გაიმართა, სამეგრელოც ჩაერთო (ოდიში სამეგრელოდ მოიხსენიება მას შემდეგ რაც რუსეთის პროტექტორატი გახდა 1803 წელს). 1808 წელს რუსეთისა და სამეგრელოს [1] ჯარები ფოთში შევიდნენ და იქ გამაგრებული თურქები გამოაძევეს; თუმცა, ომის დასასარულს, ბუქარესტის 1812 წლის ზავის თანახმად, ეს ფორპოსტი კვლავ თურქებს დაუბრუნდათ. რუსეთ–თურქეთის მომდევნო ომში (1828–1829) ოსმალოები ისევ გამოდევნეს ფოთიდან; მათი დამარცხება იმდენად მასშტაბური აღმოჩნდა, რომ ოსმალეთის იმპერია იძულებული გახდა, სამშვიდობო შეთანხმების ერთ–ერთ პუნქტად საქართველოში რუსეთის მმართველობა ეღიარებინა.

სამეგრელო ყირიმის ომშიც (1854–1856) ჩაითრიეს; ამ ომში რუსეთი ოსმალეთის იმპერიის, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის ალიანსის წინააღმდეგ აღმოჩნდა. ამ კონფლიქტში, ოდიშის ძალები დროებითი მმართველის, ეკატერინე ჭავჭავაძე–დადიანის (გარდაცვლილი მმართველის, დავით დადიანის ქვრივი და მისი მცირეწლოვანი მემკვიდრის, ნიკო დადიანის დედა) თურქების შემოსევას რუსეთის დახმარების გარეშე საკუთარი ძალებით გაუმკლავდნენ, რადგან რუსები ამ დროს სხვა ფრონტებზე იბრძოდნენ. მეგრელებმა ძლიერი თავდაცვისთვის პარტიზანული ბრძოლის ტაქტიკა აირჩიეს და, საბოლოოდ, რუსების დახმარების მიღების შემდეგ, თურქების შეტევის მოგერიებაც შეძლეს. მომდევნო წლებში რუსეთსა და თურქეთს შორის კიდევ რამდენჯერმე გაიმართა ბრძოლა, ვიდრე თურქეთმა საბოლოოდ არ დათმო იმპერიული ამბიციები I მსოფლიო ომის შემდგომ წლებში. მიუხდავად ამისა, ამ ორი ქვეყნის დაპირისპირება უშუალოდ სამეგრელოს აღარ შეხებია.

Up Next: Myths and Legends