ბიოგრაფიული

ანდრია დადიანი

ანდრია დადიანი სამეგრელოს ბოლო მთავრის, დავით დადიანის, უმცროსი ვაჟი და დადიანების დინასტიის უკანასკნელი წარმომადგენლის, ნიკოლოზ დადიანი-მინგრელსკის, ძმა გახლდათ.

მართალია, ანდრიამ ჰაიდელბერგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა და რუსეთის არმიაში საკმაოდ წარმატებული კარიერა ჰქონდა (მან გენერალ-ლეიტენანტობას მიაღწია), დღესდღეობით იგი უფრო ცნობილია როგორც მოჭადრაკე. თავის სიცოცხლეში მას აფასებდნენ იმ ძალისხმევისათვის, რომელსაც ჭადრაკის პოპულარიზაციისათვის არ იშურებდა; იგი სპონსორობდა ტურნირებს, აფინანსებდა საჭადრაკო გამოცემებს, საპრიზო ფონდებს აწესებდა, თავადაც მონაწილეობდა მატჩებში და ბრწყინვალე საჭადრაკო ნიჭს ავლენდა.

ბიოგრაფიული

ჭადრაკი

ანდრიას საჭადრაკო კარიერა წინააღმდეგობებით იყო აღსავსე. ალბათ, ყველაზე ცნობილი შემთხვევა 1903 წელს მოხდა, როდესაც რუსი მოჭადრაკე, ჩემპიონი მიხეილ ჩიგორინი მონტე-კარლოში საერთაშორისო ტურნირზე მიიწვიეს, ხოლო ანდრია ამ ტურნირის საპატიო თავმჯდომარე გახლდათ. როდესაც ჩიგორინი ჩამოვიდა, მას მოახსენეს, რომ თამაშის უფლებას არ მისცემდნენ, რადგან ანდრიამ უარი განაცხადა იმ ტურნირის თავმჯდომარეობაზე, რომელშიც რუსი მონაწილეობდა. ჩიგორინს სამგზავრო ხარჯები გადაუხადეს, მაგრამ ბოლო წუთს მიღებულმა გადაწყვეტილებამ _ საპატიო სტუმრის, წამყვანი მოთამაშის ტურნირიდან მოხსნამ _ საერთაშორისო ჭადრაკის თავაზიან სამყაროში სკანდალი გამოიწვია.

თუმცა ანდრიას მტრული დამოკიდებულება ჩიგორინის მიმართ დღემდე გაუგებარი რჩება, იმდროინდელი დამკვირვებლები მიიჩნევდნენ, რომ ეს იყო სამაგიერო იმ ორიოდე წყენისათვის, რომელიც რუსმა ოსტატმა ანდრიას მიაყენა. მაგალითად, ჩიგორინმა გამოაქვეყნა სტატიები, რომლებშიც თავადის მიერ ჩატარებული მატჩები კრიტიკულად განიხილებოდა, ხოლო შეცდომები, ანდრიას მომხრეების აზრით, საკმაოდ არაკორექტულად იყო მითითებული. მეორე მიზეზი ის იყო, რომ ერთი წლით ადრე ჩიგორინმა უარი თქვა ანდრიას მიპატიჟებაზე, პრინცის სახლში, კიევში, ჭადრაკი ეთამაშათ, რამაც ანდრიას იმედგაცრუება გამოიწვია. (როგორც რუსეთის არმიის გენერალს ანდრიას ოფიციალურ ტურნირებში მონაწილეობის უფლება არ ჰქონდა; ამიტომ იგი ნიჭიერ მოჭადრაკეებს თავისთან ეპატიჟებოდა და კერძო მატჩებს მართავდა.) 1903 წელს ანდრიამ გამოსცა წიგნი, რომელშიც მისი 100 საუკეთესო საჭადრაკო პარტიის ენდშპილი შევიდა. მან ეს წიგნი თავისი მეგობრის, რუს ოსტატ ემანუილ შიფერის დახმარებით შეადგინა. წიგნი შეზღუდული ტირაჟით გამოვიდა და იგი იმით არის აღსანიშნავი, რომ ქართველი ოსტატის მიერ საჭადრაკო თემაზე დაწერილ პირველ წიგნს წარმოადგენს. შიფერის წინასიტყვაობაში ნათქვამია: “ამ წიგნს, რომელიც მისი ბრწყინვალების, სამეგრელოს პრინცის, ანდრია დადიანის 100 უდიდეს საჭადრაკო პარტიას შეიცავს, ვუძღვნი ჭადრაკის ყველა მოყვარულს. ვინც პრინცის ოსტატობასა და მის პიროვნებას იცნობს, წიგნს მღელვარებით ელის. ჭადრაკის მოყვარულები მადლიერნი დაგვრჩებიან იმისათვის, რომ ეს პარტიები შევკრიბეთ და გამოვაქვეყნეთ.”ანდრიას “ოსტატობისა და მისი პიროვნების” ხსენება მისი უჩვეულო ტაქტიკასა და გამბედავ შეტევებზე მიანიშნებს; იგი მუდამ მზად იყო, უპირატესობის მისაღებად ფიგურები შეეწირა. შიფერს, აგრეთვე, მოჰყავს ციტატა “ბრიტანული საჭადრაკო ჟურნალიდან” (British Chess Magazine that raved), რომელიც აღფრთოვანებით წერდა: “სამეგრელოს პრინც დადიანის საჭადრაკო პარტიები ფანტასტიკურია და საჭადრაკო ლიტერატურაში ისინი მუდამ ბრწყინვალე წარმატების ნიმუშებად დარჩებიან”.წიგნს ერთი დამახასიათებელი ნიშანი გააჩნია: თარიღები და მატჩების ჩატარების ადგილები, ისევე, როგორც მოწინააღმდეგეების ვინაობა, არ არის მითითებული. ეს არცაა გასაკვირი, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ მისი მეტოქეები მსოფლიო დონის მოჭადრაკეები იყვნენ, ანდრიას ნაკლებად აინტერესებდა საკუთარი ტრიუმფების რეკლამირება. მას ერჩივნა, თამაშისგან მიღებული სიხარული მთელი მსოფლიოსათვის გაეზიარებინა.

ანდრიას მაჯის საათის უცნაური ამბავი

ანდრია დადიანის ოქროს საათი, რომელიც ამჟამად სხვა ექსპონატებთან ერთად დადიანების ზუგდიდის სასახლე-მუზეუმში არის გამოფენილი. თავდაპირველად დედამისს, ეკატერინეს, ეკუთვნოდა. ეს იყო ბრიტანეთში დამზადებული ნივთი, რომელსაც ჰქონდა წარწერა: “ინგლისის დედოფლის მესაათე”. იგი დროს, თარიღს, კვირის დღეს, თვესა და მთვარის ფაზას უჩვენებს. ანდრიამ საათი დედისაგან დაბადების დღის საჩუქრად მიიღო და შემდეგ მასზე დადიანების დინასტიის საგვარეულო გერბი ამოატვიფრინა. ანდრია საათს მუდამ თან ატარებდა. ასე რომ, ერთი მხრივ, ეს საათი დადიანების ოჯახის საგანძურს წარმოადგენდა, ხოლო, მეორე მხრივ, – ქართველი ერისათვის ისტორიული მნიშვნელობის ხელოვნების ნიმუშს.

როდესაც 1910 წელს ანდრია გარდაიცვალა, საათი უჩა დადიანს გადაეცა, ხოლო მისი სიკვდილის შემდეგ იგი დაკარგულად მიაჩნდათ. გადიოდა წლები და საათი თითქმის დაავიწყდათ. 1959 წელს საქართველოს სსრ-ის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი ნინო რამიშვილისა და ილიკო სუხიშვილის ხელმძღვანელობით ამერიკის შეერთებული შტატების რამდენიმე წამყვან ქალაქში წარმოდგენებს მართავდა. ერთ-ერთი წარმოდგენის შემდეგ ცნობილმა ქართველმა ემიგრანტმა ლევან დადიანმა მოცეკვავეები რესტორანში დაპატიჟა. სადილობისას ლევანმა ილიკო სუხიშვილს ძვირფასი ნივთი მისცა და სთხოვა, რომ ის დადიანების სასახლე-მუზეუმისათვის გადაეცა. ნივთი ანდრია დადიანის დაკარგული საათი აღმოჩნდა. საათის დაკარგვიდან დიდი ხნის შემდეგ ლევანი მას ანტიკვარულ მაღაზიაში ნივთების ქექვისას გადააწყდა და მაშინვე იცნო თავისი წინაპრების საათი. თავიდან მაღაზიის მეპატრონემ ნივთის გაყიდვაზე უარი განაცხადა, თუმცა ბოლოს იძულებული გახდა, საათი ლევანისათვის, ამ ნივთის კანონიერი მეპატრონისთვის, დაებრუნებინა. ერთ-ერთ ინტერვიუში ლევანმა აღიარა, რომ მას ცდუნება დაეუფლა და საათი დაიტოვა. მაგრამ ბოლოს მაინც გადაწყვიტა, რომ საათი სამშობლოსთვის დაებრუნებინა, რადგან შიშობდა, რომ მისი სიკვდილის შემდეგ ეს უნიკალური ისტორიული საგანძური კვლავ მის მნიშვნელობაში გაუთვითცნობიერებელ უცნობებს ჩაუვარდებოდათ ხელში.

ქალები

ანდრიას ცოლი არასოდეს შეურთავს, თუმცა რომანტიკული ურთიერთობა არა ერთ ქალთან ჰქონია. უცნობია, თუ რატომ არჩია ანდრიამ უცოლო კაცის ცხოვრება, თუმცა, შესაძლებელია, მას უბრალოდ მოსწონდა თავისუფლება და არ სურდა, თავი პასუხისმგებლობით შეებოჭა.

მოჭადრაკე და მწერალმა თენგიზ გიორგაძემ, გარკვეულწილად, ნათელი მოჰფინა ქალებთან ანდრიას დამოკიდებულებას, ისევე როგორც მის გამძაფრებულ სიამაყის გრძნობას. გიორგაძე გვიყვება ანეკდოტს, რომელიც მან 1956 წელს ცნობილი აგრონომისგან, მეთოდი ხოშტარიასაგან, მოისმინა. მეთოდი 1890-იან წლებში საფრანგეთში, ნიცის ეროვნულ პარკში მუშაობდა, სადაც ანდრია ზაფხულობით ჩადიოდა ხოლმე. აშკარაა, რომ ანდრია ფრანგ ქალებში დიდი პოპულარობით სარგებლობდა, თუმცა საკმაოდ ულმობელი ხდებოდა, როდესაც ქალი მის მომხიბვლელობას არად აგდებდა. ერთ დღეს ანდრია პარკში ცხენით ჯირითისას ახალგაზრდა ქალი შენიშნა, რომელმაც არაფრად ჩააგდო ანდრიას ყურადღება და რესტორნის აივანზე თავის მეგობარ მამაკაცთან ერთად შამპანურის წრუპვა ამჯობინა. ანდრიამ ერთი ბოთლი შამპანური შეუკვეთა და წარმოდგენა გამართა: შამპანური ცხენთან ერთად გამოსცალა. შეურაცხყოფილმა ქალმა რესტორანი დატოვა.

სალომე დადიანი და მისი შთამომავლები