ლევან I დადიანი პირველი იყო დადიანებს შორის, რომელიც ოდიშის[1]მთავარი გახდა; ეს მეფის ტოლფასი სტატუსი გახლდათ იმ გაგებით, რომ იგი არ ემორჩილებოდა უფრო მაღალი რანგის საერო ხელისუფალს, როგორც, მაგალითად, ერისთავები. ლევანმა გადამწყვეტი როლი შეასრულა ოდიშის როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს ჩამოყალიბებაში. მისი წარმატება დიდწილად განაპირობა დიპლომატიის ნიჭმა, რომელიც მან რეგიონის წარმმართველ ძალასთან, ოსმალეთის იმპერიასთან ურთიერთობაში გამოიყენა.
ლევანის დაბადების თარიღი უცნობია. წალენჯიხის ეკლესიის ფრესკაზე იგი გამოსახულია, როგორც ახოვანი მამაკაცი გრძელი ულვაშით, ნუშისებრი თვალებითა და მოკლე თმით, რომელსაც ბეწვითა და მარგალიტებით შემკული სამოსი აცვია. მამამისი, მამია III დადიანი, ოდიშს 1512-1533 წლებში ერისთავის სტატუსით მართავდა; იგი მოქიშპე კავკასიურ ტომთან ბრძოლაში მოკლეს. იმ დროისათვის ოდიში ოფიციალურად იმერეთის სამეფოს [2]ეკუთვნოდა და დამოუკიდებელ სახელმწიფოს არ წარმოადგენდა.
1535 წელს, მას შემდგომ, რაც ლევანის მეფობა დაიწყო, იმერეთის მეფემ ბაგრატ III ბაგრატიონმა, რომელიც ურჩი სამცხე-საათაბაგოს წინააღმდეგ ბრძოლაში იყო ჩაბმული, დასახმარებლად ოდიშს მიმართა. ლევანის ძალებმა ამ აჯანყების წარმატებით ჩახშობაში დიდი წვლილი შეიტანეს. თუმცა, როდესაც მეფემ დაპყრობილი მიწები თავის მოკავშირეებს ნაალაფრის სახით დაუნაწილა, ოდიშს არაფერი შეხვდა.
რვა წლის შემდეგ ბაგრატს ისევ დასჭირდა სამხედრო დახმარება, მაგრამ ამჯერად ოდიშის მთავარს სამცხე-საათაბაგოს თურქების შემოსევისაგან დასაცავად მიმართა. ლევანმა უარი შეუთვალა, მიზეზი დღემდე უცნობია. ზოგიერთი მკვლევარი მიიჩნევს, რომ ლევანმა შური იძია, რადგან სამცხე-საათაბაგოსთან ბრძოლაში დახმარება ბაგრატ მეფემ მას სათანადოდ არ დაუფასა. სხვები ამტკიცებენ, რომ ლევანი უბრალოდ მიხვდა, რომ ამგვარი ბრძოლები პრობლემას დიდი ხნით ვერ წყვეტდა და მათში მონაწილეობა ოდიშის ინტერესებში არ შედიოდა. ნებისმიერ შემთხვევაში ლევანის არჩევანს უზარმაზარი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან ერისთავის მიერ მეფის თხოვნაზე უარის თქმა დამოუკიდებლობის გამოცხადების ტოლფასი იყო. ქართლისა და გურიის სამხედრო დახმარების წყალობით ბაგრატმა 1543 წლის ბრძოლა მაინც მოიგო, მაგრამ თურქებმა სწრაფად მოახერხეს გადაჯგუფება და მათთვის სასურველ რეგიონზე შეტევა განაახლეს. მეფე ბაგრატმა ლევანს კვლავ სთხოვა, ბრძოლაში ჩართულიყო, მაგრამ ლევანმა თხოვნა ხელმეორედ უკუაგდო. ამჯერად ბაგრატის ჯარი დამარცხდა და განრისხებულმა მეფემ ლევანის დასჯა გადაწყვიტა. შურის საძიებლად მეფეს შესაძლებლობა 1548 წელს მიეცა, როდესაც ლევანი ბაგრატის მიპატიჟებით იმერეთში ნადიმზე ჩავიდა. სტუმართმოყვარე გამასპინძლების მაგივრად, რომელსაც ლევანი მოელოდა, იგი შეიპყრეს და ბაგრატის მონასტერში ჩაკეტეს. ოდიშში ხმა გავარდა ბაგრატის ღალატის შესახებ და ჯარი ლევანის მეუღლის, მარეხის, მეთაურობით ლევანის გასათავისუფლებად იმერეთისაკენ გაეშურა. უნდა აღინიშნოს, რომ იმერეთის ჯარი ოდიშისაზე ძლიერი აღმოჩნდა; ბაგრატი გურიის მთავარს დაუკავშირდა და შეეცადა დაერწმუნებინა, რომ ოდიშზე შეტევა ერთად განეხორციელებინათ, მაგრამ მთავარმა უარი განუცხადა, რადგან შიშობდა, რომ ოდიშის დაპყრობის შემდეგ ბაგრატი გურიის ხელში ჩაგდებასაც შეეცდებოდა. ორწლიანი ტყვეობის შემდეგ ლევანმა საპყრობილეს სამცხე-საათაბაგოს მმართველის დახმარებით დააღწია თავი. ამ უკანასკნელს ბაგრატთან დაპირისპირებისთვის საკუთარი მიზეზები ჰქონდა. ლევანი ოდიშს გმირად დაუბრუნდა; გავრცელდა ლეგენდა, თუ როგორ გადააბა მან ზეწრები, გადმოეშვა ფანჯრიდან და სამშობლოში გამოეშურა.
XVI საუკუნის 50-იან წლებში ოსმალეთის იმპერიამ რამდენიმე ეტაპად სცადა საქართველოს დამორჩილება, რაც ამ რეგიონის მართვის სტრატეგიას მნიშვნელოვნად ცვლიდა. 1554 წელს თურქებმა ლაზეთი დაიპყრეს და ამას გურიის დაპყრობაც მოჰყვა. 1555 წელს თურქეთისა და სპარსეთის იმპერიებმა ამასიის სამშვიდობო ხელშეკრულება დადეს, რომლის საფუძველზედაც საქართველო გავლენის სფეროებად დაიყო: ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილი სპარსელებს ხვდათ წილად, ხოლო დასავლეთი თურქებმა ჩაიგდეს ხელში.
ლევანს კარგად ესმოდა ამ ხელშეკრულების მნიშვნელობა მისი სამთავროსთვის, რომელიც იმერეთის მსგავსად ოსმალოთა ინტერესების სფეროში მოექცა. იმისათვის, რომ სიტუაცია თავის სასარგებლოდ შემოეტრიალებინა, იგი 1557 წელს სტამბოლს ესტუმრა, რათა თურქეთის სულთნისათვის ლოიალობა გამოეხატა და ამით ოდიშის სახელმწიფოს დამოუკიდებლობის აღიარებისათვის მიეღწია. ლევანმა სულთანს საჩუქრად ნატიფად ნაკეთი ოქროს ფიალა ჩაუტანა, რომელმაც სულთანი ისე აღაფრთოვანა, რომ ფიალა თავის პირად კოლექციაში მოათავსა. ლევანი თანახმა იყო გაეთვალისწინებინა ოსმალოთა ინტერესები დასავლეთ საქართველოში და იმპერიას ხარკს გადაუხდიდა. სანაცვლოდ, იგი იმედოვნებდა, რომ ოსმალოები სამხედრო დახმარებას გაუწევდნენ ჯიქების ტომის წინააღმდეგ იმხანად მიმდინარე ბრძოლაში. სულთანი დათანხმდა, რომ აღიარებდა ოდიშის ავტონომიას, თუმც კი ოსმალეთის გავლენის სფეროში, – რაც ლევანს საფუძველს აძლევდა, მთავრად წოდებულიყო, _ რადგან ხარკის მორჩილად გადამხდელი ოდიშის სახელმწიფო ისევე აწყობდა ოსმალეთს, როგორც სრულად დაპყრობილი ტერიტორია, თანაც ეს ნაკლებ ხარჯებთან იქნებოდა დაკავშირებული. თუმცა სულთანმა ხაზი გაუსვა, რომ ოდიში სამხედრო დახმარებას მხოლოდ მაშინ მიიღებდა, თუკი იგი ოსმალოთა მმართველობას დაემორჩილებოდა, რაც ლევან დადანისთვის მიუღებელი იყო. (მოგვიანებით მან ჯიქებთან კონფლიქტი დიპლომატიური გზებით მოაგვარა.) ლევანის მეფობის უკანასკნელ ათწლეულში (1572 წლამდე) ოდიში იმერეთსა და გურიასთან ერთად დასავლეთ საქართველოში გაბატონებისთვის ბრძოლაში იყო ჩაბმული. 1567 წლისათვის ოდიშის ძალაუფლება საგრძნობლად შესუსტდა და ლევანი კიდევ ერთხელ გაეშურა სტამბოლში დახმარების სათხოვნელად. ამჯერად სულთანი ნამდვილად მოხარული იყო, დახმარებოდა, რადგან “გათიშე და იბატონე”-ს პოლიტიკა მის წისქვილზე ასხამდა წყალს. (იმერეთის მიერ ოდიშის დაპყრობით ერთიანი და უფრო ძლერი სახელმწიფო შეიქმნებოდა, რომელიც თურქებს უკეთესად გაუწევდა წინააღმდეგობას, ვიდრე პატარა მოქიშპე სამთავროები.) ლევან I-ის მმართველობის დროს ოდიში ძლიერ და დამოუკიდებელ სახელმწიფოდ იქცა, მაგრამ ლევანის სიკვდილის შემდეგ ოდიშის აღმავლობა შეჩერდა. მისი ძლიერი ხელის გარეშე ოდიში დაცემის გზას დაადგა. მართალია, ლევანის ოთხი ვაჟიდან სამი შემდგომში ოდიშის მთავარი გახდა, ვერც ერთი მათგანი მამის დიპლომატიურ, პოლიტიკურ და სამხედრო წარმატებებს ვერ მიუახლოვდა.