ბიოგრაფიული

ანტონ ჭყონდიდელი (?-1799)

ანტონ ჭყონდიდელმა სახელი არა როგორც პოლიტიკურმა და სამხედრო ლიდერმა, არამედ მართლმადიდებლური ეკლესიის წიაღში სასულიერო მოღვაწეობით მოიპოვა. მის მიერ განვლილი გზა საკმაოდ უჩვეულო გახლდათ.

ბიოგრაფიული

ანტონი გახლდათ ოტია I დადიანის ვაჟი. ოტია ოდიშს 1728-1757 წლებში მართავდა. თავდაპირველად მას სურდა, მღვდლად ანტონის ძმა ნიკოლოზი აღკვეცილიყო, ხოლო ანტონს მაღალი სახელმწიფო თანამდებობისათვის ამზადებდა. მაგრამ ნიკოლოზს გაგიჟებით უყვარდა ნადირობა და სამღვდელოების წევრად ვერ გამოდგებოდა. ერთ დღეს მღვდლის ტანსაცმელში ჩაცმული ნიკოლოზი კურდღლებზე სანადიროდ იყო წასული. მას კოკისპირულმა წვიმამ მოუსწრო და თავიდან ბოლომდე გაილუმპა. როდესაც მზე ამოვიდა, მან თავისი მანტია ღობეზე გასაშრობად გადაკიდა. გაშრობის შემდეგ ნიკოლოზის ტანსაცმელმა ფორმა დაკარგა. ნიკოლოზი იმავე საღამოს გამართულ სადილზე სასაცილოდ ფორმადაკარგულ ქუდში გამოცხადდა, რითაც მსახურებს შორისაც კი ხითხითი გამოიწვია. მისი ძმა ანტონი, რომელიც ღრმად მორწმუნე ქრისტიანი იყო, ხშირად კიცხავდა ნიკოლოზს უნიათობისთვის და ოჯახს შესთავაზა, რომ სამღვდელოებაში ძმის ადგილს თავად დაიკავებდა; ამ წინადადებას ნიკოლოზი დიდი სიხარულით შეხვდა.

ანტონმა წმინდა წერილი მარტვილის მონასტრის წინამძღვრებისაგან შეისწავლა, ხოლო შემდეგ განათლება კახეთში, თელავის სასულიერო სემინარიაში გამოჩენილი სწავლულების ხელმძღვანელობით განაგრძო. მათ შორის აღსანიშნავია საქართველოს პატრიარქი ანტონ I დიდი. პატრიარქმა ანტონი რამდენიმე წლით ადრე მისი ძმის, ტახტის მემკვიდრის, კაციას ქორწილზე გაიცნო. ცერემონიის შემდეგ ანტონმა შთამბეჭდავი სიტყვა წარმოთქვა და თავისი ორატორული ოსტატობის წყალობით პატრიარქზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა.

1760 წელს ანტონი ცაგერის (დასავლეთ საქართველოში) ეპისკოპოსი გახდა და იქ 1777 წლამდე დარჩა. როდესაც ჭყონდიდის ეპისკოპოსი გარდაიცვალა, იგი ანტონმა შეცვალა და ანტონ ჭყონდიდელის სასულიერო სახელი დაირქვა.

ანტონის საზოგადოებრივი ქადაგებები მჭევრმეტყველებითა და ყველასთვის გასაგები ენით გამოირჩეოდა _ სხვა მღვდელმსახურებისაგან განსხვავებით, რომლებიც ღვთისმეტყველების გაუგებარ და ბუნდოვან თემებზე საუბრისას თითქოსდა მხოლოდ სწავლულ აუდიტორიას მიმართავდნენ. როდესაც თავის გაუნათლებელ მრევლს ესაუბრებოდა, იგავებსა და ისეთ მაგალითებს მოიშველიებდა, რომელიც მის სათქმელს ამარტივებდა. თუკი საკითხი მაინც გაურკვეველი რჩებოდა, სოკრატესავით საუბრებს მართავდა – შეკითხვებს უსვამდა, პასუხებს ყურადღებით ეკიდებოდა და კამათის სტიმულირებას ახდენდა.

ანტონი მეცნიერიც იყო, რომელსაც წიგნების დიდი კოლექცია ჰქონდა და თარგმნითა და ხელნაწერების გამოცემითაც იყო დაკავებული. იგი დროს უსწრებდა ისეთ საკითხებში, როგორიცაა ბატონ-ყმობა, და, საერთოდ, ადამიანის დამონების ნებისმიერი ფორმის წინააღმდეგ გამოდიოდა. მან სიმბოლური ნაბიჯები გადადგა იმ დიდგვაროვანთა დასაგმობად, რომლებიც ადამიანებთ ვაჭრობაში იყვნენ ჩაბმული. მათთვის ეკლესიის კარი დახურული იყო.

1788 წელს გარდაიცვალა ანტონის ძმა, ოდიშის მთავარი კაცია II. ტახტი მის ვაჟს, გრიგოლს, გადაეცა, რომელთანაც ანტონს საკმაოდ დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა. ამ ვითარებაში საუკეთესო გამოსავალი იყო საზოგადოებრივი სამსახურისგან გარიდება. 1789 წელს ანტონი გადადგა არქიეპისკოპოსის თანამდებობიდან და თავის მიერ აშენებულ ნახარებაოს ეკლესიაში ჩვეულებრივი მღვდლის მშვიდ ცხოვრებას შეუდგა. სიცოცხლის ბოლო დღეები მან აქ გაატარა და 1815 წელს აქვე მშვიდად მიიცვალა. 1898 წელს მისი ქადაგებები ხელახლა აღმოაჩინეს და გამოსცეს, რითაც მომდევნო თაობას საშუალება მიეცა, ამ ბრძენი და სწავლული ადამიანის სიტყვეს კვლავ გასცნობოდა.

Up Next: Nikolas (Didi Niko) Dadiani