დადიანების ოჯახსა და, საერთოდ, XVIII და XIX საუკუნეების საქართველოში ნიკოლოზი გავრცელებული სახელი გახლდათ. ამიტომ ყველა ოჯახის ნიკოლოზს მეტსახელი ჰქონდა შერქმეული, რათა სხვებისაგან გამოერჩიათ. ერთ-ერთი ამ ნიკოლოზთაგანი იყო “დიდი ნიკო” დადიანი, რომელიც როგორც სამხედრო მთავარსარდალი, ელჩი და სამეგრელოს მმართველი, მთე რეგიონში მნიშვნელოვან როლს ასრულებდა. მას ასევე ეკუთვნის ავტორიტეტული ნაშრომები ისტორიასა და პოლიტიკურ მეცნიერებებში.
დიდი ნიკოს მამა გიორგი დადიანი (?-1799), სამეგრელოს მთავარ კაცია II დადიანის (1757-1788) ძმა იყო. როდესაც 1804 წელს მამის, გრიგოლ დადიანის, გარდაცვალების შემდეგ ახალგაზრდა ლევან V დადიანი მთავარი გახდა, დიდი ნიკო პოლიტიკაში მეურვეთა საბჭოს წევრის სტატუსით შევიდა და, ვიდრე ლევანი სრულწლოვანებას მიაღწევდა, მისი სახელით მართვის ფუნქცია დაევალა. ეს საბჭო რუსეთის იმპერიის მიერ იქნა დანიშნული იმ შეთანხმების საფუძველზე, რომელიც 1803 წელს გრიგოლთან დაიდო (რომელსაც რუსეთის მხარდაჭერა მომხდურებისაგან თავის დასაცავად სჭირდებოდა). საბჭოში ლევანის დედა ნინო ბაგრატიონი, მისი ბიძა ბესარიონ ჭყონდიდელი, სასახლის კომენდანტი გიორგი ჩიქვანი და ლეჩხუმელი დიდგვაროვანი ბერი გელოვანი შედიოდნენ.
მეურვეთა საბჭოს წევრის დიდი ნიკოს ერთ-ერთ უმთავრეს ამოცანას წარმოადგენდა ელჩის სტატუსით სანკტ-პეტერბურგში გამგზავრება, რათა რუსეთისთვის ზოგიერთი გადაუდებელი საკითხის გადაჭრაში დახმარება ეთხოვა; ამ საკითხთა შორის პრიორიტეტული იყო დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება, მაგალითად, ლეჩხუმის, რომელიც იმერეთს ჰქონდა მიტაცებული, და ანაკლიისა შავი ზღვის სანაპიროზე, რომელიც აფხაზეთს ჰქონდა დაპყრობილი. დიდი ნიკო რუსეთისაგან დახმარებას რეგიონში გავრცელებული ადამიანებით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლაშიც ითხოვდა. მისიამ დიდი წარმატებით ჩაიარა და რუსეთის ხელმწიფე დათანხმდა, რომ სამეგრელოს დელეგაციას ყველა მოთხოვნას შეუსრულებდა. თვით დიდმა ნიკომ ხელმწიფეზე აშკარად კარგი შთაბეჭდილება დატოვა. ნიკომ მისგან პოლკოვნიკის სამხედრო წოდება და ძვირფასი საჩუქრები მიიღო.
სანკტ-პეტერბურგიდან დაბრუნების შემდეგ დიდ ნიკოს ლევანის დედასთან, ნინო ბაგრატიონთან, უსიამოვნება მოუვიდა; ზოგიერთს ეჭვი გაუჩნდა, რომ ნინო პოლიტიკურ ინტრიგებში მონაწილეობდა და სამეურვეო საბჭოს საკუთარი მიზნებისათვის იყენებდა. (დადიოდა ხმები, რომ ქალმა საკუთარი ქმარიც კი მოწამლა.) დიდ ნიკოსა და ნინო ბაგრატიონს შორის ძალაუფლებისათვის გაუთავებელი ბრძოლა მხოლოდ მაშინ შეწყდა, როდესაც ლევანმა სრულწლოვანებას მიაღწია: სამეურვეო საბჭომ არსებობა შეწყვიტა და ნინომ ყოველგვარი ძალაუფლება დაკარგა.
ნინოსაგან განსხვავებით დიდი ნიკოს პოლიტიკური ზეგავლენა კიდევ უფრო გაიზარდა მას შემდეგ, რაც ძალაუფლება ლევანს გადაეცა. ლევანი სუსტი და გულგრილი მმართველი იყო. მას პოლიტიკურ პრობლემებთან შეჭიდებას ნადირობა და თევზაობა ერჩივნა. მან მმართველობის პრაქტიკული მხარე დიდ ნიკოს გადააბარა, ხოლო თავად დროს ბუნების წიაღში ატარებდა. დიდი ნიკო სამთავროს მმართველად დაინიშნა და ყოველდღიურ საკარო ცხოვრებას წარმართავდა.
სამეგრელოს მართვის გასაუმჯობესებლად 1804-1811 წლებში დიდმა ნიკომ “დასტურლამა” (კანონების კოდექსი) შეადგინა, რომელიც 23 თავისგან შედგებოდა და სამთავროს მართვის ყველა ასპექტს მოიცავდა. “დასტურლამაში” სამთავროს მართვის პრინციპები ოფიციალურად პირველად ჩამოყალიბდა. ამ წიგნმა დიდი როლი შეასრულა მთავრის ერთპიროვნული მმართველობის შეზღუდვაში. ამ დოკუმენტის შექმნამდე მთავარს შეეძლო, მაგალითად, მოსახლეობისთვის გადასახადების საკუთარი ნებასურვილით დაწესება.
დიდი ნიკოს მიერ დაწერილი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაშრომია “ქართველთა ცხოვრება”, ისტორიული მიმოხილვა, რომელიც ასახავს საქართველოს ისტორიას უძველესი დროიდან. ამ ნაშრომის ძირითადი ნაწილი 1819 წელს დასრულდა, მაგრამ 1823 წლისათვის ნაშრომს დაემატა კიდევ 12 თავი, რომელიც დიდი ნიკოს თანამედროვე ისტორიას ეხება. ამ ნაწარმოებმა დროის გამოცდას გაუძლო, რადგან იგი ისეთ პირველწყაროებს ეყრდნობა, რომელთა დიდი ნაწილი უკვე აღარც კი არსებობს. მაგალითად, ნაშრომის გვიანდელი თავები სამეგრელოს პოლიტიკურ და კულტურულ ისტორიას ეხება და ეყრდნობა წყაროებს, რომლებშიც იმ პერიოდის მნიშვნელოვან პიროვნებებს აღგვიწერს.
პოლიტიკურ და ლიტერატურულ საქმიანობასთან ერთად დიდი ნიკო გამორჩეული იყო სამხედრო სარბიელზედაც. იგი რუსეთ-თურქეთის ომში (1828-1829) არმიის მთავარსარდალი იყო და ფოთისა და მუხა-ესტატეს ბრძოლებში მონაწილეობდა. გამორჩეულმა სამსახურმა მას გენერალ-მაიორის წოდება და წმინდა ანას პირველი ხარისხის კავალერიის ორდენი მოუტანა.
დიდი ნიკო ორჯერ დაოჯახდა: პირველად იგი გურიის თავადის ასულ მერი ერისთავზე დაქორწინდა, ხოლო 1802 წელს, დაქვრივების შემდეგ, მან აფხაზი თავადის ქალი ეკატერინე მარშანია შეირთო ცოლად. მას შვიდი შვილი, ორი ქალიშვილი და ხუთი ვაჟი, შეეძინა. დიდი ნიკო დადიანი 1834 წელს გარდაიცვალა. მის შთამომავლებს შორის შეგვიძლია დავასახელოთ ისეთი გამორჩეული ადამიანები, როგორებიც იყვნენ პოეტები დავით დადიანი, კოწია დადიანი, ლევან დადიანი და მამია გურიელი, ასევე დრამატურგი გიორგი შერვაშიძე.